img1


რა სამწუხარო რეალობა დაგვანახა 21 წლის აითაჯ მამედოვას გარდაცვალებამ?!

14 მაისს მტკვარში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას, სადაც წინა დღით გადავარდნილი ავტომანქანის მგზავრებს ეძებდნენ, ქალის ცხედარი იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მკვიდრი აითაჯ მამედოვა.

მშობლები, ნათესავები და ახლობლები გოგონას აპრილის თვიდან ეძებდენ. საქმეში ჩართული იყვნენ შესაბამისი სამსახურები.

 რადგან აითაჯ მამედოვას ძებნა თვენახევრის განმავლობაში უშედეგო აღმოჩნდა, მედიის ცნობით, დაკარგულის ოჯახის წევრები ხელისუფლებას სამძებრო სამუშაოების ტერიტორიის გაფართოებას და მეტი მაშველის დახმარებას სთხოვდნენ.

„აითაჯს ბიძა, ბიძაშვილი და კიდევ ორი ახლობელი ეძებდნენ. გადაწყვეტილი ჰქონდათ, წითელ ხიდამდე გაეგრძელებინათ ძებნა... 

როგორც აითაჯის ბიძამ თქვა, სამაშველო სამსახურთან კომუნიკაციის პრობლემები ჰქონდათ. ისიც კი არ იცოდნენ, ზუსტად სად და რა ტერიტორიაზე ეძებდნენ მაშველები გაუჩინარებულ აითაჯს...“_ იუწყებოდა ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების სპეციალური კორესპონდენტი.

ამასობაში ავტომანქანა გადავარდა მტკვარში და უკვე მთელი ძალებით ჩაერთნენ სამძებრო სამსახურები მანქანის მგზავრების ძებნის ოპერაციაში. როგორც ამბობენ, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დასწიეს და მაშინ გამოჩნდა, თურმე, საბრალო გოგონას ცხედარი.

 აითაჯ მამედოვას ტრაგედია იმდენად სულისშემძვრელი იყო, რომ მაშინვე წარმოვიდგინე 21 წლის ქართველი გოგონა სადმე განჯაში, ან ბაქოს მიმდებარედ რომ დაკარგულიყო და მერე სხვა, შემთხვევით გაუჩინარებული აზერბაიჯანელების ძებნის დროს რომ აღმოეჩინათ. 

ძალიან დაგვწყდებოდა გული აზერბაიჯანის მუნიციპალურ მთავრობაზე და არა მხოლოდ მათზე.

თუმცა ეს ნაკლებადმოსალოდნელია, რადგან აზერბაიჯანში მცირე რაოდენობის ქართველი ცხოვრობს და შესაბამისად, რისკებიც ნაკლებია. საქართველოში კი ეთნიკურად აზერბაიჯანელთა რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 284 000 -ია, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6.3% წარმოადგენს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უამრავი შიდა და გარე მტრული გამოწვევების გარემოცვაში მტკიცედ ადგას ქვეყნის მშვიდობის, კეთილმეზობლურობის, მეგობრობისა და სტაბილური განვითარების გზას. ეს გზა რთულია, ამიტომაც სჭირდება მას საზოგადოების ყველა სეგმენტისგან, ყველა ეთნიკური ჯგუფისგან მხარდაჭერა და თანადგომა, განსაკუთრებით ახლა, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი, რისკები ბევრია, ოპოზიცია კი ჩასაფრებული _ როგორმე ფეხი დაუცდეს ხელისუფლებას და მოღვაწეობა კრახით დაასრულოს. ახლა განსაკუთრებული სიფხიზლის დროა. ხელისუფლებამ სწორი საკადრო პოლიტიკა უნდა განახორციელოს, მხარში ამოიყენოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ენდობა ხალხი, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად არაქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ. იმედია, არჩევნებში ისეთ ადამიანებს წარმოადგენენ, რომლებსაც ენდობა ხალხი, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ავტორიტეტი და უფლება, თამამად ჩახედონ თვალებში მოსახლეობას და ბზარის და ეჭვის ადგილს არ უნდა დაუტოვებენ თავის ერთგულ ხალხს _ აზერბაიჯანულენოვან ამომრჩეველს. 

მოგეხსენებათ, სახელმწიფო ერთი დიდი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივად სჭირდება სიახლე და განახლება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არჩევნებმა უნდა გამოკვეთოს ახალი ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს, ასევე, ახალი პლატფორმების შექმნას და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ დედაქალაქში და ქვეყნის ცენტრალურ ტერიტორიებზე, არამედ რეგიონებშიც.

რაც შეეხება გარდაცვლილ გოგონას, საბოლოო ჯამში, ალბათ გამოძიება დაადგენს, რა „უჩინარი“ ხერხებით და მეთოდებით ეძებდნენ მაშველები მას დედაქალაქში, მდინარის სიღრმის რამდენიმე კილომეტრში, რომ 44 დღე დასჭირდა ამას. შესაძლოა, ვერც ვერასდროს ენახათ ცხედარი, ის უბედური ბიჭები მანქანით მტკვარში რომ არ გადავარდნილიყვნენ.

იმასთან ერთად, რომ აუცილებელია დადგინდეს, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, საინტერესოა ისიც, რატომ ჰქონდათ დაკარგულის ოჯახს და ნათესავებს სამაშველო სამსახურსა და შესაბამის სტურქტურებთან კომუნიკაციის პრობლება, სად იყვნენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურები, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მერიის წარმომადგენლები, საკრებულო, პარლამენტის აზერბაიჯანელი დეპუტატები. მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე, ლხინში, ანდა არჩევნების დროს რომ ახსენდებათ რეგიონი და იქაური მოსახლეობა, წესით, გასაჭირის დროსაც უნდა დაუდგნენ გვერდით იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ადგილობრივ, უმაღლეს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოებში მათ წარმომადგენლებად აირჩიეს, მით უმეტეს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კონსტიტუციის თანახმად თანასწორია.

ასეთი რეალობა დგას დღეს საქართველოში და ეს რეალობა კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა 21 წლის აითაჯ მამედოვამ თავისი ტრაგიკული გარდაცვალებით.

აითაჯის ცხედარი კი სოფელ ქესალოში გადაასვენეს. ის მშოლიურმა ქართულმა მიწამ მიიბარა.

მუბარის კარაევი, უფლებამდამცველი