ჩინეთი ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების შემდეგ ცდილობს შექმნას ანტიამერიკული პოლიტიკური კონტური, რომელიც ვაშინგტონის გლობალურ გავლენას დაუპირისპირდება. პეკინმა მკაცრად დაგმო ისრაელისა და შეერთებული შტატების ქმედებები ირანის წინააღმდეგ და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი „სუვერენიტეტის აშკარა და მძიმე დარღვევად“ გამოაცხადა, რაც პეკინის მხრიდან არა მხოლოდ დიპლომატიურ, არამედ სტრატეგიულ გზავნილად უნდა იქნას აღქმული.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული დარტყმების შემდეგ, თეირანმა შეაჩერა გადაზიდვები ჰორმუზის სრუტეში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ენერგეტიკულ კორიდორში. ჰორმუზის სრუტე ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტს უზრუნველყოფს, საიდანაც თითქმის ნახევარი ჩინეთის ბაზარს მიეწოდება. სხვადასხვა შეფასებით, ირანული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% სწორედ ჩინეთზე მოდის. 2025 წლის აპრილიდან ირანული ნავთობის გადახდები იუანში ხორციელდება, რადგან ირანი გამორიცხულია SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან, რაც პეკინსა და თეირანს შორის ფინანსურ ინტეგრაციას კიდევ უფრო ამყარებს.
პოლიტიკურ დონეზეც ჩინეთსა და ირანს მზარდი სტრატეგიული თანხვედრა აკავშირებთ. 2023 წლიდან თეირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაის წევრია ფორმატში, რომელსაც ჩინეთი და რუსეთი უსაფრთხოების ალტერნატიულ პლატფორმად იყენებენ დასავლური ალიანსების საპირწონედ. 2024 წლიდან ირანი ასევე BRICS+ ჯგუფში გაწევრიანდა, რაც მას საშუალებას აძლევს ინტეგრირდეს არადასავლურ ეკონომიკურ არქიტექტურაში და შეამციროს დამოკიდებულება დოლარზე დაფუძნებულ ფინანსურ სისტემებზე.
პეკინმა უკვე დაადანაშაულა აშშ „ჯუნგლების კანონით“ მოქმედებაში პოლიტიკაში, სადაც დიპლომატია მეორეხარისხოვანია და ძალა, საჭიროების შემთხვევაში, ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით თავსმოხვეული ინსტრუმენტი ხდება. ჩინური რიტორიკა აშკარად მიზნად ისახავს აშშ-ის წარმოდგენას როგორც დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ და საკუთარი თავის წარმოჩენას როგორც „სუვერენიტეტის დამცველ ძალად“.
დამკვირვებელთა შეფასებით, ირანზე განხორციელებული დარტყმები ჩინეთისთვის ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს ანტიამერიკული განწყობების გაღვივებისთვის როგორც გლობალურ სამხრეთში, ისე მუსლიმურ სამყაროში. ამ გზით პეკინი ცდილობს დაასუსტოს ვაშინგტონის მორალური ავტორიტეტი და პარალელურად განამტკიცოს საკუთარი პრეტენზია გლობალურ ლიდერობაზე არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ-დიპლომატიური ბერკეტების მეშვეობით.
საბოლოო ჯამში, ირანის კრიზისი ჩინეთისთვის არა მხოლოდ რეგიონული კონფლიქტია, არამედ შესაძლებლობაა, დააჩქაროს მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირება, სადაც აშშ აღარ იქნება ერთადერთი წესრიგის განმსაზღვრელი ძალა.
● ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14
2026-04-14