- თამთა ქარჩავა ● for.ge
მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა უმძიმესი ღალატი საქართველოს წინააღმდეგ, მედიაში მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მთავარი წყარო ვინმე, ლაზარე ჯორბენაძეა, რომლის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის ტერიტორია საიდუმლოდ გადასცა აზერბაიჯანს. რესპოდენტი ირწმუნება, თითქოს ნახა გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტი, რომლითაც ეს გადაწყვეტილება ფიქსირდება. for.ge-მ არაერთ წყაროსთან გადაამოწმა ინფორმაციის სანდოობა, მათ შორის, საქართველოს საპატრიაქოში და სხვადასხვა სასულირო პირებთან, რომლებიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ - მეტიც, ისინი ამ ფაქტს პროვოკაციას უწოდებენ.
ვინმე ჯორბენაძე ამბობს, რომ საკითხი პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა და საიდუმლოდ გადასცა აზებაიჯანულ მხარეს. მეტი სიცხადისთვის განმარტავს, თითქოს ნახა საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ირაკლი კობახიძე. აქ ასევე არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი. ამ „ინტერვიუს“ განხილვა დავით ჭაბუკაშვილის ოფისში გაიმართა, სადაც პოეტი ვაჟა ოთარაშვილი ამტკიცებდა, რომ დავით გარეჯის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი ირაკლი ღარიბაშვილს 250 მილიონ დოლარს სთავაზობდა და მან უარი თქვა, ხოლო ირაკლი კობახიძემ ტერიტორია „უფასოდ გადასცა“.
ანუ, ოთარაშვილი, პრაქტიკულად, ყოფილ პრემიერს ბრალს სდებს დანაშაულის დაფარვაში, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტს - ქრთამის მიცემაში. აქ ჩნდება ერთი მთავარი კითხვა - რატომ არ მიმართა ოთარაშვილმა საგამოძიებო სტრუქტურებს დანაშულის არსებობის შესახებ? საერთო ჯამში, სიმართლე ერთია, ბატონებმა - ჯორბენაძემ და ოთარაშვილმა არ იციან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს საკითხი არ წყდება პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით. დიდი ალბათობით, ჯორბენაძეს და ოთარაშვილს მოუწევთ გამოძიების კითხვებს უპასუხონ.
იურიდიულად, სახელმწიფოთა შორის ტერიტორიების გარკვევის წესი ასეთია: 1) ორი მხარის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელები (ადრე იყო ბრალდებული ივერი მელაშვილი და დღეს გახლავთ თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე) თანხმდებიან ამა თუ იმ უბანზე და აწერენ ხელს; 2) ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელების შეთანხმებას დამატებით ხელს აწერს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების თავმჯდომარე (ეს პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის, კერძოდ, ლაშა დარსალიას); 3) როდესაც ორ სახელმწიფოს შორის მთელი საზღვრის პერიმეტრი, ზედა ორი მუხლის მიხედვით სრულად დამთავრდება, ამის შემდეგ, მთელი საზღვრის პაკეტს და არა ნაწილობრივს, კომისიის ხელმძღვანელი, ერთიან პაკეტზე ხელმოწერით უგზანის პრემიერ მინისტრს; 4) პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს და უგზავნის პრეზიდენტს; 5) პრეზიდენტი აწერს ხელს და უგზავნის პრემიერ-მინისტრს, კონტრასიგნაციის პრინციპით, ვინაიდან პრემიერი არის მთავრობის მეთაური და მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ სახელმწიფო საზღვრის შესახებ მომზადებული იურიდიული და კარტოგრაფიული პაკეტი განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს პარლამენტს; 6) პრემიერი აღნიშნულ დოკუმენტაციას განსახილველად და დასამტკიცებლად უგზავნის პარლამენტს; 7) პარლამენტი სამი განხილვის შემდეგ ამტკიცებს აღნიშნულ დოკუმენტაციას.
ამის მერე, სახელმწიფოთა შორის საზღვარზე გადიან ორივე მხარის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრები და მათ მიერ აღებულ და შეთანხმებულ კორდინატთა წერტილებზე სვამენ სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელ ნიშნებს. ამ ბოლო პროცეს ჰქვია დემარკაცია.
ვინმე ჯორბენაძე და ოთარაშვილი კი ამტკიცებენ, რომ მთავრობის მეთაურმა, კანონის გვერდის ავლით, ისე, რომ საქმის კურსში არ იყო ორი მხარის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქო, ხელი მოაწერა დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემას (?!).
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია ინფორმაციის აბსურდულობაში. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, არსებობს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით, შეუძლებელია არ გამოქვეყნდეს მთავრობის რომელიმე გადაწყვეტილება. ეს იქნება ნორმატიული აქტი, თუ ეს იქნება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, აქამდე მხოლოდ ნორმატიული აქტები ქვეყნდებოდა, დღეს უკვე აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რასაც მთავრობა იღებს, ქვეყნდება და მათ შორის, ინდივიდუალური გადაწყვეტილებებიც.
„რაც შეეხება ამ საკითხს, რასაკვირველია, ეს არის სტრატეგიული საკითხი და უაღრესად მნიშვნელოვანი. საიდუმლო ვითარებაში მისი მიღება არის იმდენად წარმოუდგენელი რამ, რომ ამაზე ლაპარაკიც კი უხერხულია. როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს?! ჯერ ერთი, რაც არ უნდა დაემალა ქართულ მხარეს, რასაკვირველია, აზერბაიჯანული მხარის მიერ გამჟღავნდებოდა, არ დამალავდნენ. დავით გარეჯის გადაცემის საკითხის საიდუმლოდ შენახვა არის შეუძლებელი! იმიტომ, რომ უამრავი არხი არსებობს, რომლის საშუალებითაც გავრცელდებოდა და გაჟონავდა ინფორმაცია. ბუნებრივია, რომ ვერცერთი ქართველი ამას ვერ გაბედავდა, შეუძლებელია. მით უმეტეს, ირაკლი კობახიძე და დღევანდელი ხელისუფლება, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტის სადარაჯოზე დგანან რამდენი ხანია და უკან არ იხევენ.
თქვენ მკითხეთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია? - დისკრედიტაციის მიზნით. ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი! ასეთი ტიპის დეზინფორმაცია საფრთხეს ქმნის სწორედ დავით გარეჯისთვის იმიტომ, რომ ვითარებას ძაბავს აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე, უსაფუძვლოდ და აზერბაიჯანულ მხარეს აძლევს გარკვეულ უპირატესობას, რომ აი, საქართველოში, ამ ძალიან მძიმე სენსიტიურ საკითხზე, წინააღმდეგობა შეიძლება მათ მიერ იყოს გამოყენებული. აზერბაიჯანი იქით იყოს და საქართველოს არაერთი მტერი ჰყავს. მტრების წისქვილზე ასხამს წყალს და ბუნებრივია, რაც მთავარია, ეს არის ხელისუფლების საბოტაჟი, დისკრედიტაციის მცდელობა და პოლიტიკურ ბრძოლაში ყოვლად ბინძური მეთოდების გამოყენება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს სუს-ი, რადგან მსგავსი ქმედებები, რაც პირდაპირ უსაფრთხოების წინააღმეგ არის მიმართული, უნდა აღიკვეთოს.
„თქვენი გამოცემის საშუალებით, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს არის ფაქტი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას, დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას! საინტერესოა, ამას ვინც აკეთებს, თავისი ინიციატივით, უბადრუკობით, სისულელეებით და მოღალატეობრიობის გამო, თუ გარედან არის წახალისებული და მართული, როგორც ხდება ხოლმე და როგორც წესია! იმედი მაქვს, რომ ამას სუს-ი მიხედავს და მოველი, რომ ასეც იქნება!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დავით ზადრიაშვილმა.
პოლიტიკოსი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც წლებია, დავით გარეჯის საქმეს სწავლობს, აცხადებს, რომ ვიცით, თუ რაოდენ დიდი საჯარო-საზოგადიებრივი ინტერესია დავით გარეჯის თემის ირგვლივ და როგორ მოთმინებით ელის საქართველოს მოსახლეობა ამ მიმართულებით კვანძის გახსნას.
„14 წელია, არ გავჩერებულვარ, გარეჯის გარშემო თუკი რამ მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო მომხდარა, ყველაფერს კვალში მივყვები იმ ამაგდარი ადამიანების პარალელურად, ვინც ამ პრობლემის მოგვარების სათვეებთან დგანან: მამა კირიონ ონიანის წინთქმით, პროფესორი თენგიზ გორდეზიანი, კარტოგრაფიის სამმართველოს უფროსი თავდაცვის უწყებაში, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე, პროფესორი თედო გორგოძე, დიმიტრი ქართლელიშვილი.
ეს ის აკადემიური წრეა, ვინც მეცნიერულად, კარტოგრაფიული მასალების საარქივო ეგზემპლარების დონეზე შეისწავლა პრობლემა და ამხილა ცრუ ექსპერტთა სიყალბე, რასაც, ცხადია, ძლიერი პოლიტიკური რეზონანსი და უფრო მძიმე სამართლებრივი შეფასებები მოჰყვა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ თემა იმდენად რეზონანსულია, რომ სასპეკულაციო სივრცესაც აჩენს მავანთათვის, ვინც მყარი მტკიცებულებების გარეშე, მზად არის სენსაციური ინფორმაციების წყაროდ აქციოს თავი და ძლიერი ყურადღების ეპიცენტრში მოექცეს მიზეზთა გამო“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, საკითხი იმდენად ფაქიზი და მგრძნობიარეა, ყოველ სიტყვას და ფრაზას აწონვა ესაჭიროება.
„სანამ რამეს ვიტყოდეთ და თუ ვთვლით, რომ სათქმელია, ამას მტკიცებულებების მოშველიების გარეშე არ უნდა ვაკეთებდეთ, რომ სახელმწიფო ინტერესი არ შევლახოთ და არ დავაზიანოთ! და თუკი ასეთ შემთხვევას მაინც აქვს ადგილი, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავადგინოთ, თუ რა, რისთვის, რატომ და რა მიზნით კეთდება! ბოლო დროს, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუ გარეჯის პრობლემატიკაზე და იქ მტკიცებით ფორმებში გაჟღერებული ბრალდებები, სწორედ ზემოთქმულის შინაარსში ჯდება და სამართალდამცავთა სწრაფი რეაგირების მიზეზი უნდა შეიქნას იმისთვის, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე დაიკეტოს და მხოლოდ სიმართლეზე გვქონდეს სწორება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
2026-01-29
2026-01-29
2026-01-28
2026-01-26
2026-01-23
2026-01-23
2026-01-23
2026-01-22
2026-01-22
2026-01-22