img1


ოპოზიციის ფსევდოპატრიოტული ემოციების დემონსტრაციულად ფრქვევა ყველასთვის ცხადია, თუ რა მიზანს ემსახურება - ლიკა დიასამიძე

ოპოზიციის ფსევდოპატრიოტული ემოციების დემონსტრაციულად ფრქვევა ყველასთვის ცხადია, თუ რა მიზანს ემსახურება. მათი შეფასებები ყოველთვის აცდენილია რეალობას, ამჯერად კი - ახალგაზრდების მიმართულებით.

უმჯობესი იქნებოდა განათლების სფეროში სამეცნიერო კვლევების გააზრება და საკითხში ღრმა, პასუხისმგებლიანი ჩართულობა.

 

მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდება.

 

ვეცდები გულწრფელად გაგიზიაროთ აღნიშნული რეფორმის შესახებ ჩემი შეფასებები.

 

სამწლიანი პერიოდის განმავლობაში (2022–2025 წლებში), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნისას, ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა განათლების რეფორმებისა და განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძვლიანი შესწავლა.

 

მიღებულ ინფორმაციას შემდგომ ვუზიარებდი მეგობრებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, მაქსიმალური სიზუსტისა და პასუხისმგებლობის დაცვით.

 

ყოველდღიურად ასობით სტუდენტთან მქონდა დისკუსია. მათთან ერთად ვაანალიზებდით მიმდინარე პროცესებს, ვაშენებდით არგუმენტირებულ მსჯელობას და ვცდილობდით საზოგადოებისთვის გამოცხადებული ინფორმაცია სწორ კონტექსტში გაგვეცნო. ამ პროცესის პარალელურად, სამწუხაროდ, არსებობდნენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს ყალბ და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს ასაღებდნენ რეალობად.

 

სწორედ დაკვირვების, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის, პრაქტიკული გამოცდილებისა და საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ, სრული გულწრფელობით გიზიარებთ, მეგობრებო, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმის შეფასებას:

 

• რეფორმის ეფექტიანობა აკადემიური თვალსაზრისით

ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობა, საინჟინრო, IT და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაძლიერება, რაც ქმნის მყარ საფუძველს ტექნოლოგიური განვითარების, ინოვაციური ეკონომიკისა და სტარტაპ ეკოსისტემის ზრდისთვის.

 

• სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობა

რეფორმა უზრუნველყოფს უფრო ფართო არჩევანს სპეციალობებში, გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც სტუდენტების პროფესიულ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

 

• დისციპლინათაშორისი განათლების ჩამოყალიბება

ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულებების ერთ სივრცეში გაერთიანება ხელს უწყობს თანამედროვე, კომპლექსური განათლების მოდელის განვითარებას, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის გამოწვევებს.

 

• საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდა

დიდი, მრავალპროფილური უნივერსიტეტის ჩამოყალიბება ხელს უწყობს მეტ საერთაშორისო რეიტინგებში მონაწილეობას, უცხოურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობასა და საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში ჩართვას.

 

• კვლევის ხარისხის გაუმჯობესება

თეორიული აკადემიური ბაზის (თსუ) და პრაქტიკული, საინჟინრო გამოცდილების (სტუ) გაერთიანება შექმნის მძლავრ პლატფორმას ინოვაციური კვლევების განვითარებისთვის.

 

• სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია

ერთიანი სტრატეგიული ხედვა განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის უზრუნველყოფს რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას და სისტემურ პროგრესს.

 

ასევე, სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებზე მორგებული სხვა ინტერესები, რომლებიც პრაქტიკაში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.

 

 წარმატებები და წინსვლა ჩვენს ქვეყანას-ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდ.

- წერს ლიკა დიასამიძე