img1


“ამერიკის მითითებების შესრულება ყელში ამომივიდა” - ვენესუელას პრეზიდენტი

ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი აცხადებს, რომ “ყელში ამოუვიდა” ამერიკული მითითებების შესრულება. მან ეს სიტყვები ნავთობინდუსტრიაში დასაქმებულებთან შეხვედრისას, პუერტო ლა კრუზში გააჟღერა.

 

მან ორივე ფლანგზე მყოფ ვენესუელელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რათა შიდა კონფლიქტი დამოუკიდებლად, გარე ძალების ჩარევის გარეშე მოგვარდეს, რათა ვენესუელამ სუვერენიტეტის შენარჩუნება შეძლოს, მოსახლეობამ კი იცოდეს, რომ მათ პოზიციას იცავენ არა უცხოეთის აგენტები, არამედ რიგით მოქალაქეებზე მზრუნველი პოლიტიკოსები.

 

როდრიგესმა თქვა, რომ ვენესუელას ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების არ ეშინია. მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრიორიტეტული უნდა იყოს ადამიანის ღირსება და საერთაშორისო კანონმდებლობა. ამასთან, ოფიციალურმა ვაშინგტონმა პატივი უნდა სცეს ვენესუელას ისტორიას და გაითვალისწინოს მისი “ხასიათი”. შესაბამისად, შეწყვიტოს კონფრონტაციული ტონით საუბარი და მითითებებით კომუნიკაცია.

 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის მეშვეობით პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს აყვანის შემდეგ სახელისუფლებო ვაკუუმი ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა შეავსო, რომელმაც მადუროს დაკავებიდან მალევე დადო ფიცი და დადო პირობა, რომ გარდამავალ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლებდა. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა ვენესუელური ნავთობის ექსპორტზე გატანა და მიღებული შემოსავლის შუაზე გაყოფა დაიწყო, თუმცა ქვეყანას ტრადიციულ პარტნიორებთან, მათ შორის, ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან და კუბასთან ურთიერთობების გვერდით გადადება მოუწია. ამასთან, ამერიკული ადმინისტრაციის მოთხოვნით, ციხე დატოვა ასობით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა და აქტივისტმა, რომლებიც მადუროს რეჟიმს ჰყავდა დაკავებული.

 

ანალიტიკოსების შეფასებით, დელსი როდრიგესის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მოთხოვნების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა განპირობებულია იმით, რომ მასთან ერთად ხელისუფლებაში მყოფი მადუროს მიმართ ლოიალური პოლიტიკოსები როდრიგესს პარტიის გახლეჩითა და ძალაუფლების დაკარგვით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ის კვლავ გააგრძელებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მეორე მხრივ კი, ვენესუელას ლიდერს თეთრი სახლი აფრთხილებს, რომ მისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა გარდამავალ პერიოდში შტატების ინტერესების გატარებაა.