img1


დიმიტრი ლორთქიფანიძე - ქართული ნიურნბერგის პროცესი ყველა დამნაშავეს სათანადო ვერდიქტს გამოუტანს

გვესაუბრება დამოუკიდებელი 

უფლებადამცველი,

ყოფილი პარლამენტარი 

დიმიტრი ლორთქიფანიძე:

 

_ ბატონო დიმიტრი, სააკაშვილი „ვივამედიდან“ ციხეში გადაიყვანეს. რა პროცესისთვის ემზადება ხელისუფლება?

_ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონს ეხება. საქმე ეხება დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს იმ პატიმრებთან მიმართებით, რომლებიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წლებია, სასჯელს ციხეში იხდიან და არა საავადმყოფოში. არსებობს პროტოკოლი, გარკვეული ნოზოლოგიები, რა შემთხვევაშიც პატიმარი სამოქალაქო საავადმყოფოში ხანმოკლე პერიოდით გადაჰყავთ და მკურნალობის დასრულებისთანავე საკანში ან ციხის სტაციონარში აბრუნებენ. სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კერძო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. რატი ბრეგაძემ, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობაზე ექვსი თვის განმავლობაში 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 2025 წლის ნოემბრამდე ეს თანხა ერთ პატიმარზე, დაახლოებით, მილიონ ლარს აღწევს, რასაც დანარჩენი 14 ათასი პატიმარი მოკლებულია. სახელმწიფო მათ მიმართ სამართლიანი უნდა იყოს და მსგავსი დისკრიმინაცია არ დაუშვას. 

შარშან 2024 წლის 6 აგვისტოს პენიტენციურ სამსახურს მივმართე, რათა ინფორმაცია მოეწოდებინა, თუ რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააკაშვილის კერძო კლინიკაში ყოფნის პერიოდში. ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ ახლა სამართალმა პური ჭამა და სააკაშვილი თავის „მართულ კოლეგებს“: გვარამიას, ოქრუაშვილს, ვაშაძეს, ჯაფარიძეს, ხოშტარიას და სხვა აქტივისტებს შეუერთდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. „საერთო გაზეთის“ ფურცლებიდან არაერთგზის გვისაუბრია, რომ სამართლიანი სამართლებრივი გარემო გულისხმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ არაერთგზის დანაშაულის ჩამდენი პირების: „ნაცმოძრაობისა“ და მისი განშტოებების, რომლებიც ნაცებს გამოეყვნენ და ფორმალურად სხვადასხვა პარტიებსა თუ ნჯო-ებში გადანაწილდნენ (სადაც საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდნენ), დასჯას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე მიღებულია, რაც, დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამი დასახელებული პარტიის საჯარო პოლიტიკაში არსებობის აკრძალვას გულისხმობს. როგორც კი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, გენპროკურატურა საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოძიებას დაიწყებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ფიგურირებს. 

ჩემი ვარაუდით, მსჯავრდებულთა რიცხვს კიდევ რამდენიმე ათეული პირი შეემატება. ეს იქნება ქართული ნიურნბერგის პროცესი, რომელიც ყველა დამნაშავეს სათანადო ვერდიქტს გამოუტანს. ჩვენ არაფერი დაგვვიწყებია.  

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების განხრით, რომელიც გაერო-ს და ასევე, საკუთარი ორგანიზაციის „წამების ატლასის“ ეგიდით მოქმედებდა, პარლამენტში ყოფნისას შემომჩივლა: ბატონო დიმიტრი, „წამების ატლასი“ უძლურია, თავი გაართვას ამოცანას, ციხეებში ადამიანის უფლებების მონიტორინგთან დაკავშირებით, რადგან თინა ბურჯალიანი ციხეებში შესვლის უფლებას არ გვაძლევსო. ეს უკანასკნელი მაშინ ადეიშვილის მოადგილე იყო. დიახ, 2010 წელს, გახმაურებული საქმეებიდან, მომჩივანთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, იგი შეეცადა, ციხეებში შესულიყო, მაგრამ მიშას რეჟიმმა, გენერალურმა პროკურორმა ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა, ამაზე უარი განაცხადეს. 

_ პასუხისმგებლობა, ალბათ, თინა ბურჯალიანს და სხვა პირებსაც უნდა დაეკისროთ, რომელთა სახელ-გვარები საზოგადოებამ მიივიწყა, მაგრამ დანაშაულის არანაკლები მონაწილენი არიან.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. დიახ, თინა ბურჯალიანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და სხვები, ის ფიგურები არიან, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ. ხელისუფლება მათ პასუხისმგებლობასაც თუ არ დააყენებს, მოსახლეობას ვპირდები, რომ დადგება დრო, როცა ამას სხვა ხელისუფლება გააკეთებს. „ნაცმოძრაობას“ საჯარო პოლიტიკაში ყოფნა სამუდამოდ აეკრძალება. ხათუნა კალმახელიძე ციხეში პატიმრების წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, სისტემურ დანაშაულზე, რასაც როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ზედამხედველობას თავად უწევდა, პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა. მინდა „საერთო გაზეთისთვის“ ექსკლუზიურად გითხრათ, თუ რატომ არის იგი ამ დრომდე დაუსჯელი _ მას მონაკოში გავლენიანი ბიძა ჰყავს, რომელიც მფარველობს. შემთხვევითი სულაც არ იყო ის, რომ 2012 წელს, საქართველოში ვიზიტისას მონაკოს პრინცს პირად „გიდობას“ სწორედ ხათუნა კალმახელიძე უწევდა. კალმახელიძე მიხვდა, რომ სააკაშვილის რეჟიმს მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომა მოუწევდა, ამიტომ მას ხელშეუხებლობის გარანტია სჭირდებოდა. შედეგად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დასახმარებლად ბიძას _ გოჩა არევაძეს მიმართა, რომელიც მონაკოს პრინცთან მეგობრობდა. მას სთხოვა, პრინცი საქართველოში პირადად კალმახელიძის სტუმრის რანგში ჩამოსულიყო.

თინას და ხათუნას მსგავსად, დამნაშავეთა რიგებში სხვა მივიწყებული სახეებიც არიან. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ვალდებულებაა, მათი სახელები საზოგადოებას შევახსენო. ხალხმა იმ დამნაშავეების სახელ-გვარებიც უნდა იცოდეს, რომელთა „გმირობანი“ ზუგდიდის ტყეების კასრების ფაილებში იქნა აღმოჩენილი. 

ტოტალური წამების, არაადამიანური მოპყრობის უკან, სისტემა იდგა. შემთხვევითი როდია, რომ დღეს საზოგადოება პორტირებული ნაცების მიმართ აღშფოთებას ვერ მალავს. მათ უკან ის პირები უნდა ვეძიოთ, რომლებიც სისტემური წამების, დანაშაულის მფარველები, უშუალო აღმსრულებლები იყვნენ. აქვე მკითხველის ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც გავამახვილებ: თუ ვინმე ამ პირებს სისტემის მსხვერპლად ჩათვლის, თითქოს, ისინი იძულებულნი იყვნენ ასეთი სისასტიკეები ეკეთებინათ, მსგავს ვერაფერს ვიტყვით მოსამართლეებზე, რომლებიც ამ უკანონობას უშუალოდ აკანონებდნენ და ადამიანების მასობრივ წამებაზე თვალს ხუჭავდნენ. თუ რიგითი ჩინოვნიკი თავს სისტემის მსხვერპლად მიიჩნევს, მოსამართლე თავად არის სისტემის შემოქმედი, რადგან ის დამოუკიდებელი სახელისუფლო შტოს წარმომადგენელია. ეს ხარვეზები, გარკვეულ მიზეზთა გამო, დღეს აღმოფხვრილი არ არის. რაც კეთდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ კერძი სრულყოფილი რომ იყოს, მარილიც უნდა მოაყარო.

აღნიშნული ხარვეზები ახალი, კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობის პირობებში უნდა აღმოიფხვრას. დღეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ნაშთები არსებობს, რომლებიც თვითლიკვიდაციის რეჟიმში არიან და მალე მათი პოლიტიკური სივრციდან გაქრობით დასრულდება. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკოსების იმ რჩეულმა გუნდმა უნდა გაუწიოს ოპონირება, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა და სუფთა წარსული, შესაბამისი კომპენტენცია აქვთ. დემოკრატიული პროცესი სწორედ ასე მიიღწევა. ყველა სხვა ვარიანტი ავტორიტარიზმის გამოვლინება იქნება, რაც ქართველი ხალხის დაკვეთა არ არის. ჩვენ ქართული დემოკრატია გვჭირდება. „ნაცმოძრაობის“ ლიდერების სააკაშვილის თამადობით ციხეში გამწესება დადებითი ტენდენციაა. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. დაჭერა თვითმიზანი კი არა, სამართლიანი სამართლებრივი გარემოს დაპირებული პირობის აღსრულებაა.

_ სააკაშვილმა ზელენსკის მიმართა, სამოქალაქო ტყვეების სიაში შემიყვანე, როგორც უკრაინის მოქალაქე და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეო. ისიც უთქვამს: ჯარისკაცად გამიშვი ფრონტზეო. აგვისტოს ომში ვნახეთ, როგორი მთავარსარდლობაც გასწია და უკრაინის ფრონტზე როგორი ჯარისკაცი იქნება?

_ მადლობა, ამ შეკითხვისთვის. თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, რამდენიმე ასპექტი იკვეთება: მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, პრეზიდენტს მოქალაქეობაზე უარი ეთქვას და მერე იმ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაზე პრეტენზია გასჩენოდა. ეს მხოლოდ საქართველოში თუ მოხდებოდა და ასეთ „ტრიუკს“ მხოლოდ მიშას მსგავსი კლოუნი თუ გააკეთებდა. ზელენსკის რაც შეეხება, იგი უკვე თავად ხდება პოლიტიკური გვამი. მის მთავრობაში, კორუფციის გამოვლენის გამო, ახლახან ოთხი მინისტრი გადააყენეს. ერთი მაღალი თანამდებობის პირი გაიქცა. ელიტური კორუფცია ცხადყოფს, რომ ზელენსკი თავად არის კორუმპირებული მთავრობის სისტემის მმართველი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ადრე თუ გვიან განაჩენს გამოუტანენ. 

დავუბრუნდეთ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღებამდე (მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი საერთაშორისო მოხეტიალე), ნავსაყუდელს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებდა. მიშას თხოვნა ზელენსკისადმი მუნკის „კივილს“ მაგონებს. ეს არის კივილი არსაით. 

ხელმოცარული, სასოწარკვეთილი სააკაშვილი რეჟიმის ლიდერი იყო და არა ერის. საზოგადოებას მის მიმართ ემპათია აღარ აქვს. დღეს მის ამომრჩევლებშიც გაჩნდა ეჭვი, უიმედობა. ეს არშემდგარი დიქტატორის, იმ პატარა კაცის ხვედრია, რომელიც თავის ვნებებს ადამიანთა განადგურების, მოკვლის შესახებ პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდანაც კი არ მალავდა, როცა ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა. სააკაშვილი 2011 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოში ელექტრონული აუქციონებით ქართული მიწის ასეულობით ჰექტრის გაყიდვის კამპანიას. გაგახსენებთ, გორში ინდუსი მფლობელები კომბაინებით როცა მივიდნენ, ადგილობრივი გლეხები ბორბლებქვეშ დაწვნენ. მაშინ სააკაშვილმა განაცხადა: გაუგებარია, კომბაინის მძღოლი პედალს ფეხს რატომ არ აჭერს და საქმეს რატომ არ განაგრძობსო. ეს სწორედ მისი გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის გაგრძელება იყო. იგი ჩვეულებრივი მანიაკია. ასე რომ, სააკაშვილის „ბაირამობა“ უნდა დამთავრდეს, სამართალმა პური ჭამოს და ისტორიულ მეხსიერებაში „ნაცმოძრაობა“ და მისი ბელადი დარჩეს როგორც კანონის შესაბამისად დასჯილი არშემდგარი დიქტატორი, რომელმაც სახელმწიფოს, ხალხს დიდი ზიანი მიაყენა. 

 

თამარ შველიძე

საერთო გაზეთი