img1


კონფერენციის რეზოლუცია მიღებულია სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა „სოციალისტური პლატფორმის“ ინიციატივით. თბილისი, 18 მაისი, 2025 წელი

ნეო-ლიბერალური სისტემის ღრმა და სისტემურმა კრიზისმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია დაახლოებით ისეთივე პროცესები, როგორიც განვითარდა გასული საუკუნის 20-იან, 30-იან წლებში.

ერთი მხრივ, ვხედავთ ნეოლიბერალური სისტემის რღვევის პროცესს, მეორეს მხრივ კი - რადიკალური კონსერვატიზმის მომძლავრებას. ლიბერალური ეკონომიკური და იდეოლოგიური პოლიტიკის ფარგლებში თანამედროვე იმპერიალიზმი სულ უფრო ნაკლები ეფექტურობით აღწევს მიზნებს. აშშ-მ შეიცვალა სახე და დღეისათვის გამოდის კონსერვატიზმის მედროშედ. აგრესიული კონსერვატიზმი იდეოლოგიაში და ასეთივე აგრესიული პროტექციონიზმი ეკონომიკაში გახდა ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი პოლიტიკა. ტაქტიკა შეიცვალა. იმპერიალისტური ინტერესები კვლავ მძლავრობს.

კრიზისმა დასავლეთის იმპერიალისტური ერთობის შიგნით გამოიწვია ერთიანობის რღვევა. შიდაკონკურენციის მიუხედავად, დასავლეთმა ერთად ააღორძინა ნაციზმი და კიევში ხელისუფლების სათავეშიც მოიყვანა უკრაინული ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ძალა.

ძალები, რომლებიც ხელისუფლებიდან საქართველომ ჩამოიშორა 2012 წელს და ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ კიევში 2014 წელს - ერთიან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენენ, ერთმანეთს აძლიერებენ, მხარს უჭერენ, ერთობლივ გეგმას ერთობლივად ანხორციელებენ.

კიევის ზეწოლა უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო საქართველოს ხელისუფლებისადმი საერთო ზეწოლისა, რათა ის შეერთებოდა ანტირუსულ სამხედრო-ეკონომიკურ კოალიციას. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამ ზეწოლას გაუძლო. კონფერენციის მონაწილენი მხარს ვუჭერთ საქართველოს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას.

კიევის დღევანდელი ნაცისტური ხელისუფლება უარყოფით გავლენას ახდენს საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების პოლიტიკურ ატმოსფეროზე, აძლიერებს რა რეაქციულ, ნაციონალისტურ, პროდასავლურ დესტრუქციულ ძალებს.

კონფერენციის მონაწილეები აღვნიშნავთ, რომ ულტრამემარჯვენე ძალების დაშვება ადგილობრივ არჩევნებში ამა წლის 5 ოქტომბერს, საშუალებას მისცემს მათ, განიმტკიცონ მდგომარება. გამომდინარე აქედან, მზად უნდა ვიყოთ ნაცისტურთან ახლო მდგომ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიასთან და პოლიტიკურ პრაქტიკასთან საშუალოვადიანი ბრძოლისათვის. ულტრამემარჯვენე რეაქციის აღორძინება დაუშვებელია.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ კონსერვატიული ძალებს, რომლებიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხოლო სხვაგან მზარდ გავლენას ახდენენ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, სწორი იქნება, თუ სუვერენიტეტის მოპოვების გზაზე ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ (ხანგრძლივი პერიოდის) მოკავშირეებად განვიხილავდეთ. ტრამპის კონსერვატულ ადმინისტრაციასთან არსებული არაერთმნიშვნელოვანი ურთიერთობებიც ამ პოზიციის სისწორეს ადასტურებს.

მივესალმებით რა ლიბერალური იდეოლოგიის სახელმწიფო იდეოლოგიის სიმაღლეებიდან ჩამოშორებას, აღვნიშნავთ საქართველოს უახლესი ისტორიისა და სოციალურ-პოლიტიკური პრაქტიკის ობიექტური შეფასების დადებით მნიშვნელობას.