მიხეილ ჟღენტი - "როგორც კოლონიას შეეფერება, ისე ვართ. ვსხედვართ სილაში და ვთამაშობთ სახელწიფოებრიობანას, მაგრამ ეს თამაში დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა დაასრულოს ეს 32- წლიანი მარაზმი”
მიხეილ ჟღენტი, პოლიტიკური პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” ერთ–ერთი ლიდერი:
_ უწინარესად, ნება მომეცით, დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ თქვენ და თქვენს კითხველს!
მიიწურა 2023 წელი და ორიოდე სიტყვით შევაჯამოთ, რით დაგვამახსოვრა მან თავი. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენს გუნდს ახალი პოლიტიკური პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაფუძნება და წარმატებები ვუსურვო.
2023 წელს შევაფასებდი, როგორც გარდამტეხს, 2024-2025 წლების მოსამზადებელს. ბევრი მითი და ყალბი ილუზია დაასრულა 2023 წელმა. კოლექტიური დასავლეთი აშშ-ის მეთაურობით თურმე არც ისეთი ძლიერი ყოფილა, როგორც გვეგონა. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ 52 ქვეყანა ებრძვის რუსეთს და უკრაინის არმიის შეტევის ნაცვლად რუსეთის ჯარი გადავიდა იერიშზე. უკრაინის სახელწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ევროპის ეკონიმიკა ეწირება აშშ-ის ინტერესებს. უკვე წლიურ 8%-იან ვარდნას განიცდის გერმანიის ეკონომიკა, რომელიც უმსხვილესია ევროპაში… ფართოვდება ნატო და იზრდება საფრთხეები, ფინეთის მაგალითი რომ ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა გაწირა დასავლეთმა რუსეთთან შესალეწად.
ისრაელზე მოულოდნელმა თავდასხმამ უპრეცედენტო სახმელეთო ოპერაციის მომსწრე გაგვხადა ღაზის სექტორში, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
სულ უფრო ნათლად იკვეთება მსოფლიოს მრავალპოლუსიანი მოწყობის კონტურები. მსოფლიო ვეღარ და აღარ იქნება აშშ-ის დიქტატის ქვეშ. დასრულდა ამერიკის ჰეგემონია და, თუ ეს ვერ გააცნობიერა აშშ-ის ელიტამ, ეს ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდეს.
რაც შეეხება რუსეთს, მთავარი, რასაც დასავლეთი გეგმავდა, ჩაფლავდა. ვერ დაიწყო რუსეთის შიგნით დესტაბილიზაცია და ვერ მოხერხდა ხელისუფლების შეცვლა. უფრო მეტიც, რუსეთი ისე გააძლიერა დასავლეთმა, რომ სანქციების 11 პაკეტის ფონზე ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს. ხმამაღალ სიტყვას ამბობს აღმოსავლეთი და არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს.
მსოფლიო დუღს და ახალი, სრულიად განსხვავებული მოწყობისთვის ემზადება. რაც შეეხება საქართველოს, არაფერი ახალი… ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი ნატო-კატოს, ევროკავშირისა და ნათელი მომავლის შესახებ. მოგვცეს სტატუსი და ახლა დაიწყება ხელისუფლების პრესში გატარება. ისეთ მოთხოვნებს წაუყენებენ, რომლის შეუსრულებლობით დასავლეთი განაწყენდება, ხოლო შესრულებით _ ჩვენი მოსახლეობა. ცუდ დღეში ჩააყენა ხელისუფლება “სტატუსის” ამ ფარატინა ქაღალდმა. დასავლეთი არ აპატიებს “ოცნებას” ურჩობას…
მომავალ წელს დოლარი, როგორც ერთადერთი ვალუტა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
2023 წელმა ნათლად დაგვანახვა დასავლელი ლიდერების სრული არაკომპეტენტურობა, უსუსურობა და თავიანთი ქვეყნების მიმართ უპასუხისმგებლობა. ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპა ისეთივე კოლონიაა, როგორიც საქართველო, იმ განსხვავებით, რომ უფრო მდიდარია ჯერჯერობით…
უარს ვამბობთ “3+3” ფორმატზე, არ ველაპარაკებით სოხუმსა და ცხინვალს, ვერ ვგზავნით ოფიციალურ დელეგაციას მოსკოვში. ისევ ვლამობთ ნატოში შესვლას. სრული მარაზმი!
ამ წელს კარგიც მოხდა _ აღდგა რეგულარული ფრენები რუსეთთან და გამარტივდა სავიზო რეჟიმი. საქართველოს მოსახლეობამ დაიწყო გამოფხიზლება და რეალურად აფასებს მოვლენებს. დაიშალა “ნაცმოძრაობა”. მოკლედ, როგორც კოლონიას შეეფერება, ისე ვართ. ვსხედვართ სილაში და ვთამაშობთ სახელწიფოებრიობანას, მაგრამ ეს თამაში დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა დაასრულოს ეს 32-წლიანი მარაზმი.
მომავალი წელი გარდამტეხი იქნება მსოფლიოსთვის. 70 ქვეყანაში ტარდება არჩევნები, რომლებშიც 4 მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აშშ-ში, რუსეთში, ევროპარლამენტში გამართული არჩევნები კი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. მინდა, პირდაპირ განვაცხადო: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2024 წლის 17 მარტს გაიმართება, ჩვენ სხვა რუსეთთან მოგვიწევს ურთიერთობა. ეს იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა. გაძლიერდება ახალი საერთაშორისო გამოწვევებიც… მინდა, ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებას ვუსურვო და ვთხოვო, როგორც დღემდე ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე განაგრძოს გაისადაც, რადგან გამოწვევები და წნეხი უფრო მოიმატებს.
ასევე, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ კოაბიტაცია, რომელმაც დიდად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება, საბოლოოდ დასრულდება.
კიდევ ერთი და მთავარი გამოწვევა არის აფხაზ და ოს ძმებთან საერთო ენის გამონახვა და დიალოგის დაწყება. საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენების ნებისმიერი მცდელობა ამაო იქნება, თუ არ გაიხსნება სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა აფხაზეთის გავლით. 2024-ში ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
დასასრულ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იქნება არა უბრალოდ არჩევნები, არამედ არჩევნები ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ვრჩებით იმ 33-წლიან ჭაობში თუ ვირჩევთ განვითარების ახალ გზას. დიდი ბრძოლები გველის ქვეყნის მომავლისა და საკუთარი ოჯახების გადასარჩენად. ამ დიდი ცვლილებების ფონზე გვეძლევა უნიკალური შანსი, 2024-2025 წლებში თავი დავიხსნათ დასავლეთის მონობისგან და გადავრჩეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა!
წყარო - Geworld.ge
2026-01-13
2025-12-25
2025-12-22
2025-12-21
2025-12-19
2025-12-19
2025-12-19
2025-12-19
2025-12-18
2025-12-18