img1


კაცი რომელიც ქართველობით ამაყობს

გიორგი სიჭინავა აფხაზეთის დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე გაგრაში, 1944 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. პირველი საფეხბურთო განათლება ქალაქის ღვაწლმოსილი მწვრთნელის, რეზო შარტავასგან მიიღო, რომელმაც ქართული ფეხბურთს კიდევ ერთი ვარსკვლავი, ვლადიმერ ბარქაია აღუზარდა.

გიორგი სიჭინავას კარიერა იმდენად შთამბეჭდავად დაიწყო, რომ 15 წლის ასაკში, გაგრის „ტორპედოში“ თამაშობდა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ასპარეზობდა, მისი წარმატებული თამაში თვალთახედვიდან არ გამოპარვია ლეგენდარულ მწვრთნელს, ანდრო ჟორდანიას და იგი ყველა ახალგაზრდის საოცნებო თბილისის „დინამოში“ მიიწვია. სადებიუტო მატჩი 1960 წლის 30 ივლისს ერევანში „სპარტაკის“ წინააღმდეგ შედგა, მან 9 წლის განმავლობაში გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების გვერდით არაერთი ბრწყინვალე საფეხბურთო სპექტაკლი აჩუქა ქართველ გულშემატკივრებს. 

გიორგი სიჭინავას მდიდარ საფეხბურთო ბიოგრაფიაში ორი მატჩი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია; უპირველესად 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში ჩატარებული „ოქროს მატჩი“ გავიხსენებთ, გიორგი სიჭინავას სჯეროდა, რომ დინამო ჩემპიონი გახდებოდა, სხვათაშორის, 60 წლის შემდეგ იგი ერთადერთი ფეხბურთელია იმ შემადგენლობიდან, რომელიც ჩვენს რიგებს შემორჩა. მეორე მატჩი 1965 წლის შემოდგომაზე მოსკოვში ბრაზილიის ნაკრებთან შედგა. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 21 წლის გიორგი სიჭინავას, მას პელეს მეურვეობა დაავალეს, რომელიც სიჭინავამ ფრიადზე შეასრულა; მატჩის შემდეგ საქებარი სიტყვები უშუალოდ ფეხბურთის მეფისაგან მოისმინა და მანაც 10 ნომრიანი მაისური აჩუქა, მიუხედავად მრავალგზის ფულადი შეთავაზებისა, ეს საჩუქარი დღესაც მისი ოჯახის საგანძურია.

რომ არა გაუმართლებელი დისკვალიფიკაციები, რასაც ნაწილობრივ თვითონაც ეთანხმება, მისი კარიერა უფრო წარმატებული იქნებოდა; პირველი დისკვალიფიკაცია 1965 წელს ბაქოს „ნეფტიანიკთან“ კალენდარულ თამაშზე მისცეს, სასჯელიც სამაგალითო გამოუწერეს, თუმცა მოსკოვიდან ჩამოსული ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი, ნიკოლოზ მოროზოვი დაუდგა თავდებში, რადგან 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სიჭინავა, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და მურთაზ ხურცილავა ნაკრების უპირობო მოთამაშეებად ითვლებოდნენ სამწუხაროდ მაშინ ფეხბურთი მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ კაბინეტებიდან იმართებოდა რამაც მესხი და სიჭინავა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა.

მეორე დისკვალიფიკაცია 1969 წლის დეკემბერში მისცეს უსაფუძვლო ბრალდებით ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული ვიქტორ პონედელნიკის თხოვნის შედეგად შვიდ თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. შემდეგ ერთი სეზონი საკავშირო ჩემპიონატის II ლიგის მონაწილე, რუსთავის მეტალურგში ითამაშა, იყო საინტერესო შემოთავაზებები მოსკოვის „დინამოდან“ და ალმაატის ყაირათიდან. გიორგი სიჭინავამ ყოველგვარი შემოთავაზებები უარყო, 28 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, მშობლიურ გაგრაში, ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ჩაუდგა სათავეში და წარმატებით იმუშავა 1992 წლამდე, შემდგომ საქმიანობაში „კორექტივი“ აფხაზეთის ომმა შეიტანა და იგი საცხოვრებლად სოჭში გადავიდა, სადაც ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, სლავა მეტრეველმა კაერიერის პირველი ნაბიჯები გადადგა, სტადიონზე სადაც მისი ბიუსტი არის დადგმული, გიორგი სიჭინავა ხშირად სტუმრობს და ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრების და ახალგაზრდა თაობების სასურველი მოსაუბრე გახლავთ და იხსენებს კარიერის საუკეთესო წლებს.

2024 წლის 15 სექტემბერს, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ, განუმეორებელ ქართველ კაცს 80 წელი შეუსრულდა, დიდ სიყვარულს გამოვხატავთ მისი პიროვნების მიმართ, საქართველო არასოდეს დაივიწყებს მის ამაგს და სიყვარულს ქართული სახელმწიფოს და ხალხის წინაშე.

 

ბეჟან ჩხეიძე