img1


ევროკავშირს დიდი ხნის განმავლობაში სურდა შეექმნა ილუზია, თითქოს რუსეთი შესაძლებელი იყო უბრალოდ „ამოეჭრათ“ ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურიდან

მერცის განცხადება რეალობის დაგვიანებული აღიარება და საქართველოს უგულებელყოფილი რისკები

 

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება, რომ რუსეთთან, როგორც დიდ ევროპულ სახელმწიფოსთან, კომპრომისის მოძიება გარდაუვალია, სინამდვილეში ახალი პოლიტიკური ხედვა კი არა, არამედ იმ რეალობის დაგვიანებული აღიარებაა, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში თვალს არ უსწორებდა.

ევროკავშირს დიდი ხნის განმავლობაში სურდა შეექმნა ილუზია, თითქოს რუსეთი შესაძლებელი იყო უბრალოდ „ამოეჭრათ“ ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურიდან. 

თუმცა ფაქტებმა აჩვენა, რომ ევროპის ენერგეტიკა, უსაფრთხოება და გლობალური გავლენა რუსეთის ფაქტორის გარეშე ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.

ბრიუსელში შეიძლება ხმამაღლა საუბრობდნენ „სტრატეგიულ ავტონომიაზე“, მაგრამ პრაქტიკაში ევროკავშირი აღმოჩნდა სისტემურად დამოკიდებული იმავე რუსეთზე, რომლის იზოლაციასაც დეკლარირებულად ცდილობდა.

მუდმივმა კონფრონტაციამ, სანქციების პოლიტიკამ და სამხედრო ესკალაციის გაზრდილმა საფრთხემ საბოლოოდ თავად ევროპას მიაყენა მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური დარტყმა. 

სწორედ ამ რეალობამ აიძულა ევროპელი ლიდერები, მოსკოვთან დიალოგის აუცილებლობა საჯარო დისკუსიის საგნად ექციათ პროცესად, რომელიც მათთვის უკვე აშკარად გარდაუვალია.

მერცის განცხადება ფაქტობრივად ევროკავშირის ჩიხში შესვლის აღიარებაა.

ევროპა ვერ ააშენებს მდგრად უსაფრთხოების სისტემას, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო და გეოპოლიტიკური ძალა მუდმივად გარიყულია, ხოლო

დიალოგის უარყოფა აღარ არის პრინციპულობა ეს სტრატეგიული სიბრმავეა.

საქართველო აღმოჩნდა ამ დაპირისპირების სასაზღვრო ზონაში. მისგან მოითხოვენ მაქსიმალურ ლოიალობას დასავლური დღის წესრიგის მიმართ, თუმცა რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს არავინ იძლევა. პარადოქსია: თავად ჩიხში შესული ევროკავშირი დღეს გამოსავალს რეალპოლიტიკაში ეძებს, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში საქართველოსგან პრაგმატიზმისგან დაცლილ, ემოციურ და უსუსურ ნაბიჯებს ითხოვდნენ.

ეს ნაბიჯები ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებდა, ხოლო ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის ბედის გაზიარების რისკის წინ, სადაც ქვეყანა გადაიქცა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველად, ხოლო მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად.

ევროკავშირი და მისი წამყვანი სახელმწიფოები მზად არიან, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთთან კომპრომისზე ფიქრი დაიწყონ, მაგრამ იგივე რეალიზმს საქართველოს მიმართ არ ავლენენ. თბილისს პრაქტიკულად სთავაზობენ მუდმივ დაძაბულობას რუსეთთან, დიალოგის გარეშე, იმ დროს, როდესაც თავად ევროპა უკვე ღიად საუბრობს იმავე დიალოგის აუცილებლობაზე.

ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ ორმაგი სტანდარტის ფასი საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეა.

საქართველოსთვის ეს სიგნალი მკაფიო უნდა იყოს:

თუ ევროპა თავად აღიარებს, რომ რუსეთთან შეთანხმების გარეშე უსაფრთხოება შეუძლებელია, მაშინ საქართველომაც უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით და არა სხვისი კონფრონტაციის წინა ხაზზე დარჩენის ლოგიკით.

დღეს საქართველოს არჩევანი მარტივია ფორმით, მაგრამ ურთულესი შინაარსით:

ან დარჩეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების იარაღად,

ან დაიწყოს ცივი, პრაგმატული და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც დიალოგს ეფუძნება ყველა მიმართულებით.

მერცის განცხადება სწორედ ამის შეხსენებაა: მსოფლიო იცვლება. და ვინც რეალობას დროულად არ მოერგება, ის სხვების გადაწყვეტილებების მძევლად დარჩება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი