img1


"ყინულის ციხესიმაგრე", გრიზლი დათვები მეზობლად და 32 000 ჯარისკაცი - ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზა, ადგილი სადაც ტრამპი პუტინს უმასპინძლებს

"ყინულის ბალიშზე" განლაგებული იზოლირებული სამხედრო ბაზა ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის ადგილად დასახელდა. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პარასკევს, ალასკაში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ძალების ბაზაზე შეხვდებიან ერთმანეთს. ინფორმაციას the sun-ი ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ანკორიჯთან ახლოს მდებარე ბაზა სავსეა საჰაერო ძალების, არმიის, საზღვაო ფლოტისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ასევე ეროვნული გვარდიისა და რეზერვის წევრებით. საერთო ჯამში, ბაზაზე 32 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახები ცხოვრობს. ბაზის მეზობლად გრიზლის სახეობის დათვები და მგლები ბინადრობენ.

 

კონგრესის ბიბლიოთეკის მონაცემებით, ბაზამ "ცივი ომის" დროს შეერთებული შტატების საბჭოთა კავშირისგან დაცვაში "განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ როლი ითამაშა.

 

როგორც sun-ი წერს, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზა, ალასკაზე ერთადერთი ადგილია, რომელიც სრულად შეიძლება ჩაიკეტოს მსგავსი მაღალი დონის შეხვედრისთვის საჭირო უსაფრთხოების დონის დასაცავად.

 

ელმენდორფ-რიჩარდსონში, ეს მსოფლიო ლიდერებს შორის პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა არ იქნება. 1971 წელს, ბაზაზე პრეზიდენტმა ნიქსონმა იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოსთან, ისტორიული 30-წუთიანი შეხვედრა გამართა. ნიქსონმა მაშინ განაცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი იაპონელი მონარქი "ფეხს დგამდა უცხო მიწაზე“.

 

2021 წელს, ჩინეთის წარმომადგენლებთან შესახვედრად, ჯო ბაიდენის არჩევანიც ანკორიჯთან მდებარე ბაზაზე შეჩერდა, თუმცა შეხვედრამ დაძაბულობის ფონზე ჩაიარა, რადგან ჩინურმა დელეგაციამ ამერიკელები “მლიქვნელობასა და ფარისევლობაში “ დაადანაშაულა.

 

როგორც მედია წერს, პუტინის ვიზიტი, სავარაუდოდ, უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჰიროჰიტოს ვიზიტი, რომელმაც ალასკაზე მხოლოდ 100 წუთი გაატარა, თუმცა ღონისძიების შაბათს გაგრძელება მოსალოდნელი არ არის. ტრამპი გეგმავს, რომ ალასკაზე პარასკევს ჩავიდეს და პარასკევსვე დაბრუნდეს უკან.

 

როგორც ცნობილია, შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოს არის დაგეგმილი. პუტინს მოსკოვიდან ელმენდორფ-რიჩარდსონის ბაზამდე მისაღწევად 9 საათიანი ფრენა დასჭირდება, ტრამპი კი ბაზამდე ჩაფრენას 7 საათს მოანდომებს.