img1


კორუფციის მასშტაბური სქემა უკრაინაში: დაკავებულია პარლამენტარები და თანამდებობის პირები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც გამოავლინეს ფართომასშტაბიანი ქრთამის სქემა დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შესყიდვებთან დაკავშირებით.

 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან უმაღლესი რადას დეპუტატი, რამდენიმე რაიონული და მუნიციპალური ხელმძღვანელი, ასევე ეროვნული გვარდიის თანამშრომლები.

 

სქემის მიხედვით, სახელმწიფო კონტრაქტები ფორმდებოდა მომწოდებლებთან 30%-მდე გაბერილი ფასებით რაც პირდაპირი ზიანია უკრაინის თავდაცვითი ბიუჯეტისთვის, განსაკუთრებით ქვეყნის აქტიური ომის პირობებში.

 

ზელენსკიმ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში „კორუფციასთან ნულოვანი ტოლერანტობა“ უნდა იყოს და მადლობა გადაუხადა ანტიკორუფციულ სტრუქტურებს „პრინციპული და შეურიგებელი“ მუშაობისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო ტალღის შემდეგ აღდგა. მოქალაქეები ითხოვდნენ მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით სამხედრო ხარჯებთან მიმართებით.