img1


რუსეთიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალი გაისმა – ინტერვიუ ლეონიდ კალაშნიკოვთან და მამუკა ფიფიასთან: რუსეთიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალი გაისმა – ინტერვიუ ლეონიდ კალაშნიკოვთან და მამუკა ფიფიასთან:

ლეონიდ კალაშნიკოვი: ოქროს შუალედის გამონახვა, რომ როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა და ოსთა ეროვნული ინტერესები იყოს დაცული – შეუძლებელი აღარ არის!

 

მამუკა ფიფია: დიდი კომპრომისების დროა!

 

  ბოლო პერიოდში რუსეთის ვერტიკალიდან არაერთი იმის მაუწყებელი სიგნალი ისმის, რომ მათ საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, კეთილმეზობლური და უფრო მეტი – პარტნიორული დამოკიდებულებაც სურთ. ცხადია, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს ქვეყნებს შორის ყველა სადავო საკითხი და დგება მომენტი, როდესაც ასეთი მოლაპარაკების შედეგად, საქართველომ თავისი უმთავრესი სახელმწიფოებრივი პრობლემები მოიგვაროს. რა აზრის არიან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებაში?

 

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთან, სათათბიროს “დსთ”-ის ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვთან, რომელიც საქართველოს მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა. მას სოციალური ქსელით სწორედ მაშინ დავუკავშირდი, როდესაც ჩვენს თანამემამულესთან, პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ბჭობდა:  

 

ლეონიდ კალაშნიკოვი:

– უპირველესად, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მივესალმები ქართველ ხალხს. ჩემმა მეგობარმა, ქართველმა პოლიტიკოსმა მამუკა ფიფიამ მითხრა, რომ ეს გაზეთი ტრადიციულად და პატრიოტულად მოაზროვნე იმ საზოგადოების ფლაგმანია, რომელიც მსოფლიოში შექმნილ თანამედროვე ვითარებაში და რეგიონში არსებულ გამოწვევებში ობიექტურად ერკვევა; რომლის ამოსავალი წერტილი საკუთარ სამშობლოზე გულწრფელი ზრუნვაა და არა ფსევდოპატრიოტულ რიტორიკაში შეფუთული, უცხოეთიდან შეკვეთილი გზავნილების შესრულება.

 

– ლეონიდ ივანეს ძევ, კეთილი ყოფილიყოს „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე თქვენი გამოჩენა! როგორ შეაფასებთ რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებულ დამოკიდებულებას?

 

– მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დღევანდელი დამოკიდებულება გუშინდელს სჯობს, თუმცა ხვალ შესაძლოა, გაცილებით უკეთესიც გვქონდეს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია დსთ-ის სივრცეში, განსაკუთრებით კი, სამხრეთის საზღვრებზე არსებულ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, სადაც ამჟამად მძაფრი ტურბულენტური ზონა იქმნება. ჩვენს ხალხებს ახსოვთ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის კრიტიკულ ზღვრამდე მისული დაძაბულობა იყო, რის განმუხტვაში ჩემი მეგობრის, მამუკა ფიფიას დიდი წვლილიც არის. თავიდან ჩვენ შევქმენით ფორმატი, რომელშიც პატრიოტულად მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსები მოვიწვიეთ. ჯერ იყო მხოლოდ საუბრები, პოზიციათა გაცვლა, შემდეგ ქმედებაზე გადავედით და პერმანენტულად რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ, მათ შორის რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის აღდგენას და სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებას. ამის შემდეგ მამუკა ფიფიამ რუსეთის პრეზიდენტს სავიზო ურთიერთობის სრულად გაუქმების, ასევე, თანამემამულეების ამნისტირების და ლეგალურად დასაქმების თხოვნით მიმართა, ვინც რუსეთში მანამდე არალეგალურად იმყოფებოდა. ამჟამად ეს მიზანიც შესრულებულია, რაც რუსეთის ვერტიკალის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების აღდგენა და გაუმჯობესება სწორედ ჩვენზე, რუსი და ქართველი საზოგადოებების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმავდროულად, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხების შემდგომი დაახლოვება არ შედის დასავლეთის აგრესიული წრეების ინტერესებში. ისინი ყველაფერს ღონობენ, რათა ეს არ დაუშვან.

 

– ანუ, რუსი ხალხი აცნობიერებს, რომ საქართველოში ანტირუსული გამოხდომები დასავლეთის აგრესიული წრეებიდან არის დაფინანსებული, წახალისებული და მას არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხთან?

 

– არამცთუ ხალხი, ვერ ვიტყვი, რომ ამას ბოლომდე განურჩევლად ყველა პოლიტიკოსი აცნობიერებს. ალბათ, ასეთი გარემოება იმ პერიოდის გამოძახილია, როცა ჩვენს ქვეყნებს შორის შავმა კატამ გაირბინა. ამჟამად ვითარება იცვლება და რუსი ხალხიც, ნელ-ნელა ხვდება, სად არის ძაღლის თავი დამარხული. მას მერე, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, რომელსაც რუსი საზოგადოება ყველაფერში ადანაშაულებდა – განახორციელა ღონისძიებათა სერია „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის შემოსაღებად, რაც კოლექტიურმა დასავლეთმა მკვეთრად ნეგატიურად შეაფასა, მაშინვე ნათელი გახდა – ვინ ვინ არის! ახლა უკვე რუსი საზოგადოება ხედავს, რომ ქართველებს შორის რუსეთის მეგობრები მეგობრად დარჩნენ, ხოლო მტრებმა ის დოტაციებიც დაკარგეს, რაც ამერიკელებისგან გააჩნდათ! მას მერე ამერიკის ხელისუფლებაში ტრამპი მოვიდა და ყველა ფინანსური აქტივობა გააუქმა, რაც საქართველოში ამ ლიბერალების პოზიციებს აძლიერებდა! ახლა რუსებისთვის უკვე გასაგებია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ვერტიკალს თავისი სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მიყავს და დასავლეთის აგრესიული წრეების დაკვეთას – როგორღაც საქართველო რუსეთთან სამხედრო წინააღმდეგობაში ჩაითრიონ – არ ასრულებს.

 

– არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური გუნდი, ან თუნდაც საზოგადოებრივი წრე, რომელიც თქვენს ნდობას იმსახურებს?

 

– რა თქმა უნდა არიან! ერთი მათგანი, პოლიტიკური პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, მამუკა ფიფია ამ ინტერვიუს მომენტში ჩემს გვერდით ზის. თვით პარტიის სახელწოდებაშია ის აზრი ჩაქსოვილი, რის გამოც მამუკას გარშემო შემოკრებილ საზოგადოებას ვენდობი – სახელწოდება „სოლიდარობაში“ ხომ, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანადგომის მიზანია იგულისხმება. ისინი გულწრფელად აკეთებენ ყველაფერს, ერთმანეთისგან მტრული ძალების გავლენით დაშორებული რუსი და ქართველი ხალხების ხელახლა დასაახლოვებლად. აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდის უკანასკნელი აქტივობით, რაც ქართველ საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის დაწყების მოწოდებით ხელმოწერების ორგანიზებაში გამოიხატა და რამდენადაც ვიცი, ამ პროცესში უკვე მიიღო მონაწილეობა ძალიან ბევრმა მოქალაქემ. ამ პროცესით სისხლხორცეულად არის დაინტერესებული რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველობაც, რომელთაც რუსეთის სახელმწიფო ცხოვრების, განათლების, შრომის და ბიზნესის საწარმოებლად საკმარის ყველა პირობას უქმნის.

 

  – ბატონო მამუკა, მორიგი კითხვით თქვენთან გადმოვალ – დღემდე რამდენი ხელმოწერა შეაგროვეთ?

 

– დიდი მადლობა ნდობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს რაიმე ისეთი საკითხი, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი იქნებოდა. რუსეთთან დიალოგის წარმოების მოთხოვნით 7 მაისს დავაარსეთ ზეპარტიული მოძრაობა „თავისუფალი ტრიბუნა,“ რომელმაც მიიღო რეზოლუცია. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყნებს შორის 33 წლის განმავლობაში დაგროვდა, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებითაც!

 

ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების მიუხედავად, უკვე 140 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას. რუსეთის ხელისუფლება დიალოგისთვის ისედაც მზად არის. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მოცემულობას და ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მთავარი პრობლემების მოგვარების შანსს საქართველოს ხელისუფლება ხელიდან არ გაუშვებს!

 

– ლეონიდ ივანეს ძევ, მაინც რა როლი შეიძლება ითამაშოს რუსეთმა საქართველოს ძირითადი პრობლემების გადაწყვეტაში?

 

 – ჩვენგან არაერთხელ გაისმა პოზიცია, რომ რუსეთი მზად არის, დიალოგის საწარმოებლად ნებისმიერ დონეზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წამოვა. თავიდან საუბარი შეიძლება შეეხოს ეკონომიკას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი მაინც ის საკითხია, რა პრობლემები უნდა გადაილახოს, რომ რუსეთმა და საქართველომ კეთილმეზობლურ და პარტნიორულ გარემოში ცხოვრება გააგრძელონ. მე ვფიქრობ, რომ ეს ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ასევე აფხაზი და ოსი ხალხების ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთის არბიტრობის, ოღონდ, ხაზს ვუსვამ – კეთილსინდისიერი და ობიექტური არბიტრობის შედეგად სრულიად შესაძლებელია. ოქროს შუალედის გამონახვა, რომ როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა და ოსთა ეროვნული ინტერესები იყოს დაცული – შეუძლებელი აღარ არის! საქმე დაჩქარდება, თუ სახალხო დიპლომატიის და ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციების პარალელურად ამ საქმეში ჩაერთვებიან ორივე ქვეყნის დიპლომატიური წრეები.

 

საუბარში ერთვება მამუკა ფიფია: 

– ახლა დიდი კომპრომისების დროა და ყველა მხარე ამისთვის უნდა იყოს მზად!

 

 – ბატონო მამუკა, ნუთუ საქართველოს კიდევ რაიმე მნიშვნელოვანის დათმობა მოუწევს?

 

– რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებლობას არასოდეს დათმობს, თუმცა აუცილებლად მოუწევს მკვეთრად განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, რათა უახლოეს მეზობლებთან საკუთარი უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოს!

 

– ლეონიდ ივანეს ძევ, ამასობაში, „3+3“ ფორმატი ისევ ძალაშია?

 

– სწორედ ასეთ ფორმატში შეიძლება გადაწყდეს ყველაზე საჭირბოროტო პრობლემები მეზობლებს შორის, ოღონდ მთავარია, იქ დავსხდეთ როგორც მეგობრები და არა მტრები და მეტოქეები. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი „ეუთო“-ს ეგიდით პრობლემების გადაჭრის მცდელობისა, რადგან როგორც არ უნდა მივუდგეთ, ეუთო ამ რეგიონში მაინც უცხო ძალაა, რომელიც ადგილობრივი სუბიექტების ინტერესებზე უპირატესად, ევროპის და ამერიკის ინტერესებზე იზრუნებს. ეუთო და ამერიკა ჩვენგან შორსაა, ჩვენ კი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიმყოფებით და მათ გარეშეც შეგვიძლია ერთმანეთში მორიგება. რაზე შეიძლება მოვრიგდეთ? – უამრავ თემაზე, მაგალითად, ლოჯისტიკაზე, ანდა „აბრეშუმის გზის“ ამოქმედებაზე. არ მესმის, რატომ უნდა იღებდეს მონაწილეობას აბრეშუმის გზასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში გარე სუბიექტი, რომელზეც ეს გზა არ გადის. კავკასიაში საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია, ომს კი ყველაფერი ჯობს.

 

– დაბოლოს, რას უსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს?

 

– მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, მისი გმირული ისტორიული წარსულიდან, საერთო ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი შეხედულებებიდან და ჩვენი ხანგრძლივი თანაცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე. მიყვარს საქართველოს ბუნება, ქართული კულტურა, ქართული სიმღერა, ქართული სუფრა, მსიამოვნებს, როცა ქართულად საუბარი მესმის! მოძმე ქართველ ხალხს უპირველესად, მშვიდობას ვუსურვებ, რისი დეფიციტიც მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად იგრძნობა და რისი უზრუნველყოფაც ისევ და ისევ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. რეგიონში მშვიდობას კი, აუცილებლად მოყვება ეკონომიკის აღმავლობა, ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სულიერ ცხოვრებაში რენესანსი.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”