img1


წყარო „კოალიცია ახლებიდან“: პარტიაში შიდა კონფლიქტი გამწვავდა

„პუბლიცისტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, „კოალიცია ახლებში“ სერიოზული შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა ნიკა გვარამიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის.

ინფორმაციის მიხედვით, გვარამიას ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის შემდეგ პარტიის ოფისში დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ ნიკა გვარამიასგან განმარტებები მოითხოვა პარტიის ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საუბარი შეეხო შესაძლო ფინანსურ არამიზნობრივ ხარჯვასა და ასევე ნიკა გილაურს, რომელსაც, წყაროს თქმით, ჯაფარიძე ღალატში ადანაშაულებს.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა ხმამაღალი და დაძაბული იყო. ნიკა გვარამიას მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ზურაბ ჯაფარიძე, ასევე ელენე ხოშტარია და ნიკა მელია. მათი შეფასებით, პარტიის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ შედეგი ვერ გამოიღო და პასუხისმგებლობა მთლიანად ნიკა გვარამიას ეკისრება, რადგან ყველა ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი ინიციატივით მიიღებოდა.

წყაროს ცნობით, კითხვები არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის „ბრძოლის პერიოდში“ ტელევიზიის დაკარგვასთან მიმართებით. გარდა ამისა, პარტიის შიგნით გაჩნდა ეჭვი, რომ ნიკა გვარამიას შესაძლოა ჰქონდეს ფარული შეთანხმება მმართველ პარტია ქართული ოცნებასთან პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ.

წყაროს ინფორმაციით, ამ ბრალდებამ ნიკა გვარამია მწყობრიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც მან ტონი მნიშვნელოვნად აუწია, რასაც ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან გინებით პასუხი მოჰყვა.

ამავე წყაროს ცნობით, პარტიაში დემორალიზაციაა: წევრები ერთმანეთს ადანაშაულებენ მარცხში და ვერ თანხმდებიან, ვინ რა პასუხისმგებლობას ატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია ციხიდან ნიკა გვარამიას უთვლის, რომ მან პარტიაში დაკავებული თანამდებობა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურად მარტო დარჩება.

წყაროს ცნობით, „ახლების“ ოფისში აღარ დადის ზურაბ ჯაფარიძის ახლო გარემოცვა და გირჩის „ბაბლის“ ძირითადი ნაწილი. ასევე, ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ გვარამიას მიერ ორგანიზებულ არც ერთ აქტივობაში მონაწილეობა არ მიიღონ.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძე ამ ეტაპზე გადართულია ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მოძიებაზე და არ არის გამორიცხული, მან საკუთარი პოლიტიკური აქტივობა სხვა პლატფორმაზე გადაიტანოს.

ინფორმაციას „პუბლიცისტს“ აწვდის წყარო „კოალიცია ახლებიდან“.