თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სიმბოლურია, რომ ფორუმი იმართება საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად.
“საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს, მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების და, ამავდროულად, შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ, საკვანძო მნიშვნელობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა - ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში - სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ფორუმის სლოგანი ზუსტად ასახავს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას.
„დღეს, როდესაც მსოფლიო ტრადიციული სავაჭრო გზებისა და მიწოდების ჯაჭვების გადაფასების, ახალი მარშრუტების ძიების პროცესშია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის მყარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების პროაქტიულ საგარეო პოლიტიკაზე.
„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს - ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს და მაღალი რანგის დელეგატებს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელსაც საქართველო მეხუთედ მასპინძლობს, მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე პოლიტიკური და ბიზნესლიდერი მონაწილეობს.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07