თქვენო მაღალღირსებავ,
არსებობს მომენტები ეკლესიის ისტორიაში, როდესაც მწყემსი მგლის ტყავს ისხამს და სამწყსოს არა საძოვარზე, არამედ უფსკრულისკენ მიერეკება. მე გწერთ, რადგან დღეს, ჩვენს თვალწინ, თქვენ სწორედ ამ ტრაგიკულ და შემზარავ როლს ასრულებთ. გწერთ, რათა დაგისვათ კითხვა, რომელიც მრავალ მორწმუნეს აღარ ასვენებს: ვისი ხმა ისმის თქვენი ბაგეებიდან, მამაო დოროთე – ქრისტესი თუ დიდი ინკვიზიტორის?
თქვენ გაცვალეთ ღვთისმსახურება პოლიტიკურ პერფორმანსზე. თქვენ შეურაცხყავით უდიდესი სიწმინდე – მღვდლობა. ხელები, რომლებითაც წმინდა ძღვენს უნდა ეხებოდეთ და უსისხლო მსხვერპლს სწირავდეთ, ახლა რევოლუციური მუხტით მომუშტული გიჭირავთ. ენა, რომლითაც ქრისტეს სიტყვა უნდა გექადაგათ, ახლა იმ ხალხის სიძულვილის ენაზე მეტყველებს, ვისაც სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა სწყურია.
თქვენ უბრალოდ კი არ დაარღვიეთ ეკლესიის კანონები, თქვენ გათელეთ თქვენი სულიერი აღთქმა. თქვენი ანაფორა იქცა არა მადლის სიმბოლოდ, არამედ პოლიტიკური რადიკალიზმის კამუფლაჟად. ეს არის ღალატი არა მხოლოდ საპატრიარქოსი, არამედ თვით ქრისტესი, რომლის სახელითაც თავს უფლებას აძლევთ, განხეთქილება და სიძულვილი თესოთ.
თქვენ, ალბათ გგონიათ, რომ წინასწარმეტყველი ხართ, რომელიც უსამართლობას ამხელს. რა საცოდავი და სახიფათო ილუზიაა! თქვენ არაფერი გაქვთ საერთო წმინდა იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც ჰეროდეს ცოდვას ამხელდა. ის ყველას სინანულისკენ მოუწოდებდა და ღვთის სასუფეველს ახარებდა. თქვენ კი ერთ პოლიტიკურ ბანდიტურ კლანს ემსახურებით და მეორის განადგურებისკენ მოუწოდებთ.
თქვენი პროტოტიპი არის არა წინასწარმეტყველი, არამედ დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორი. გახსოვთ იგი? მასაც "უყვარდა" კაცობრიობა, მასაც სურდა მისი "გაბედნიერება", მაგრამ მან ჩათვალა, რომ ქრისტეს გზა – თავისუფლების, სიყვარულისა და მოთმინების გზა – ზედმეტად რთული იყო. ამიტომ, მან აირჩია იძულების, ძალაუფლებისა და "პურის" გზა. თქვენც, მის მსგავსად გადაწყვიტეთ, რომ სახარებისეული გზა ზედმეტად ნელია და სამართლიანობა პოლიტიკური გადატრიალების ცეცხლითა და მახვილით უნდა აღადგინოთ. თქვენ ამით ქრისტეს პირდაპირ უპირისპირდებით.
დაფიქრებულხართ, ვის გვერდით დგახართ? თქვენ იმ ხალხის მოკავშირე გახდით, ვისი პოლიტიკური პროგრამაც სიძულვილის დემონურ გრამატიკაზეა აგებული. "ჩვენ და ისინი", "მტრები და მოყვრები", "მოღალატეები და პატრიოტები" – ეს არის ანტიქრისტეს ლექსიკონი, რადგან ქრისტეს ენაში მხოლოდ ერთი სიტყვაა: "ყველა".
თქვენ ამბობთ, რომ მშვიდობა გსურთ, მაგრამ მხარს უჭერთ მათ, ვინც სისხლისღვრას ამზადებს. ეს შიზოფრენიული მდგომარეობაა, თუ შეგნებული არჩევანი? როდესაც თქვენი წაქეზებით გამოსული ბრბო პირველ ქვას ან ტყვიას ისვრის და პირველი უდანაშაულო სისხლი დაიღვრება, რითი იმართლებთ თავს ღვთისა და ისტორიის წინაშე? იტყვით, რომ ეს "დემოკრატიისთვის ბრძოლა" იყო? როდესაც ძმა ძმას იარაღს მიუშვერს, თქვენი როლი ამ ტრაგედიაში იქნება არა მშვიდობისმყოფელის, არამედ სულიერი წამქეზებლის.
გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, მხოლოდ ერთგან მთავრდება – ერის გოლგოთაზე, მაგრამ ისეთ გოლგოთაზე, რომელსაც აღდგომა არ მოჰყვება.
ამიტომ, გეკითხებით პირდაპირ: რისი გწამთ, მამაო დოროთე? ჯერ კიდევ გწამთ იმ ქრისტესი, რომელიც ჯვარს ეცვა ყველასთვის, თუ უკვე ახალი, პოლიტიკური მესიის მქადაგებელი გახდით, რომელიც მხოლოდ თავისიანებს იწყალებს და მტრებს ანადგურებს?
დატოვეთ პოლიტიკური სარბიელი! დაუბრუნდით საკურთხეველს, სანამ საბოლოოდ არ წაგიბილწავთ სულიც, გულიც და ხელებიც! თქვენი ადგილია არა ქუჩაში, არამედ ტაძარში; თქვენი ამოცანაა არა ხელისუფლების დამხობა, არამედ ცოდვის დამარცხება ადამიანთა გულებში.
საპატრიარქოს ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენს მიმართ, იქნება ეს მღვდელმსახურების შეჩერება თუ უმკაცრესი კანონიკური სასჯელი, იქნება არა რეპრესია, არამედ სულიერი ქირურგიის აუცილებელი აქტი. ეს იქნება არა პიროვნებასთან ბრძოლა, არამედ იმ საშინელი სენის, იმ ცრუ სწავლების აღმოფხვრა, რომელსაც თქვენ ავრცელებთ.
თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ არჩევანი მარადიულ ლიტურგიასა და ქუჩის წარმავალ ხმაურს შორის. აირჩიეთ, სანამ თქვენი არჩევანის შედეგად დაღვრილი სისხლი საბოლოოდ არ წარეცხავს თქვენს სახელს საუკუნო ცხოვრების წიგნიდან.
სულიერი ტკივილითა და ურყევი პრინციპულობით,
მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი.
ირაკლი ყიფიანი
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08