img1


დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ბოლო პერიოდში განხორციელებული პროგრამები და პროექტები შეაჯამა

სულხან თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს აჭარაში. აღნიშნა, რომ ბოლო თვეში არაერთი პროექტის განხორციელება დასრულდა რეგიონში, რომელთა ნაწილს, პრემიერ-მინისტრთან ერთად გაეცნო. 

 

სექტემბერში ხულოს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 5 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. ბათუმს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, ხოლო ქობულეთში სამი ახალი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური პროექტების და პროგრამების განხორციელება. ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, მშენებლობა სამ ლოკაციაზე აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 570 ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ ბინას. ასევე, ხელვაჩაურში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები.

 

მთავრობის თავმჯდომარემ ტურისტული სეზონიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეგიონში ამ მიმართულებითაც დადებითი ტენდენციებია, ვიზიტორების რაოდენობა კი 10 %-ით გაიზარდა.

 

სულხან თამაზაშვილმა, სექტემბერში, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შეფასებისას განაცხადა, რომ გატარდა ყველა შესაბამისი ზომა და ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია.

 

ასევე, მთავრობის სხდომაზე განიხილეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დაფინანსებულია 57 მილიონამდე ლარის სამედიცინო მომსახურება და 50 000-მდე ბენეფიციარმა მიიღო შესაბამისი დახმარება.

 

დამატებით, აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 17 მილიონამდე ლარი, როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის, ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის.

 

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობა მუშაობს ქვეყნის წინსვლისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

 

„ჩვენი მუშაობა მიმართულია არა სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ საქმეზე – ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და მოქალაქეების უკეთეს მომავალზე. დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ხალხის არჩევანი იქნება სწორედ მეტი განვითარება და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. ერთად დგომით ვერავინ შეაჩერებს საქართველოს წინსვლასა და გაძლიერებას“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.